მზია გიორგობიანი სიჩუანის პროვინციის დელეგაციას შეხვდა
5 ივლისი 2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის აღმასრულებელ ვიცე-გუბერნატორ დონგ ვიმინთან.
მზია გიორგობიანმა ვიცე-გუბერნატორსა და სიჩუანის პროვინციის დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალების, წყალმომარაგების და სხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე.
დონგ ვიმინმა ისაუბრა სიჩუანის პროვინციის შესახებ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი განვითარებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი და ლოგისტიკური ჰაბია. მისი თქმით, პროვინციაში არსებობს საავტომობილო გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების, ასევე წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობის დიდი გამოცდილება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მოვლა-შენახვის და ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები; ასევე, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების კუთხით სიჩუანის პროვინციის ტექნოლოგიური მიღწევები.
შეხვედრისას მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ითანამშრომონ და გამოცდილება გააზიარონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სიჩუანის პროვინციის განვითარებისა და რეფორმების კომისიის ხელმძღვანელი, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვაჭრობის ხელშეწყობის ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ენერგეტიკის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.